სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სასურსათო დანამატი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სურსათის (სასურსათო) დანამატების მწარმოებელი და იმპორტიორი ბიზნესოპერატორებისათვის! 

„ტექნიკური რეგლამენტის – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 ივლისის N360 დადგენილება 2023 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა.

სურსათის (სასურსათო) დანამატი – სასურსათო პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ნორმალური კვების რაციონის შესავსებად და წარმოადგენს საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების), კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე სხვა ნივთიერებების კონცენტრირებულ წყაროს, ცალკე ან კომბინირებული სახით; ბაზარზე განთავსებულია დოზირებული ფორმით, კერძოდ, კაფსულების, პასტილის, დრაჟეების, ტაბლეტების, აბებისა და სხვა მსგავსი ფორმებით; მცირე ზომის პაკეტებში დაფასოებული ფხვნილის, ამპულების, წვეთის დოზირების მქონე ფლაკონების,  სითხეებისა და ფხვნილების სხვა მსგავსი ფორმებით,  რომლებიც საშუალებას იძლევა, მოხდეს მათი მიღება გაზომილი, მცირე ერთეულების ოდენობით.

2023 წლის პირველი ივნისიდან დაუშვებელია, ბაზარზე განთავსებულ  იქნეს   სურსათის (სასურსათო) დანამატი, რომელიც არ აკმაყოფილებს „ტექნიკური რეგლამენტით – სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები:

ბიზნესოპერატორი, რომელიც ბაზარზე განათავსებს სურსათის (სასურსათო) დანამატს, ვალდებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს  წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია სურსათის დანამატის ბაზარზე განთავსების შესახებ, სურსათის ეტიკეტის ნიმუშის წარდგენით.

სურსათის (სასურსათო) დანამატის წარმოებაში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები - ამავე რეგლამენტით განსაზღვრულ ფორმებში.

ნივთიერებების (ქიმიური ფორმები) სისუფთავის კრიტერიუმები უნდა აკმაყოფილებდეს სურსათში გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სისუფთავის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ხოლო, თუკი არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით - საერთაშორისო ორგანიზაციების  მიერ  რეკომენდებულ  სისუფთავის კრიტერიუმებს.

სურსათის (სასურსათო) დანამატებში  ვიტამინებისა და მინერალების რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა, სადღეღამისო მოხმარების პორციაში, უნდა განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

ვიტამინებისა და მინერალების უვნებელი მოხმარების ზედა ზღვარი, რომელიც დადგენილია   საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე,  რისკის მეცნიერული შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში,  მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მგრძნობელობის განსხვავებული ხარისხის გათვალისწინებით;

ვიტამინებისა და მინერალების მიღება სურსათის სხვა წყაროებიდან;

სურსათის (სასურსათო) დანამატების შემადგენლობაში არსებული  ვიტამინებისა და მინერალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენისას, სათანადოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობისათვის  ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოხმარების რეკომენდებული ნორმები.

  • შესაბამის შემთხვევებში, სურსათის (სასურსათო) დანამატებში  საკმარისი რაოდენობით ვიტამინებისა და მინერალების არსებობის უზრუნველსაყოფად, დადგენილი უნდა იქნეს სადღეღამისო მოხმარების პორციაში ბიზნესოპერატორის მიერ რეკომენდებული  ვიტამინებისა და მინერალების მინიმალური რაოდენობა.

ბაზარზე განთავსების პირობები:

  • ბაზარზე განთავსებული უნდა იქნეს დასახელებით „სურსათის დანამატი“.
  • სურსათის (სასურსათო) დანამატის ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა  არ უნდა  მიუთითებდეს ადამიანის დაავადებების პროფილაქტიკის, განკურნების ან სამკურნალო თვისებების შესახებ  ან მიანიშნებდეს ასეთ თვისებებზე.
  • გარდა „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით   განსაზღვრული მოთხოვნებისა, სურსათის (სასურსათო) დანამატის ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:  
    • საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან ნივთიერებების კატეგორიების დასახელებები, რომლებიც ახასიათებს პროდუქტს ან  უნდა შეიცავდეს მითითებას ამ საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) ან სხვა ნივთიერებების ბუნების/წარმოშობის შესახებ;
    • პროდუქტის  პორცია, რაოდენობა, რომელიც რეკომენდებულია სადღეღამისო მოხმარებისთვის;
    • გაფრთხილება, რომ მოხმარება არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას;
    • განაცხადი, რომ სურსათის (სასურსათო) დანამატი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი;
    • განაცხადი, რომ პროდუქტები ინახებოდეს ადრეული ასაკის ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • სურსათის (სასურსათო) დანამატების ეტიკეტირება, წარდგენა და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს პირდაპირ ან არაპირდაპირ მინიშნებას, რომელიც ადასტურებს ან გულისხმობს, რომ ბალანსირებული და მრავალფეროვანი კვება, ზოგადად, ვერ უზრუნველყოფს  საკვები ნივთიერებების (ნუტრიენტების) სათანადო რაოდენობით მიღებას.
  • საკვები ნივთიერებების კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტის მქონე ნივთიერებების რაოდენობა, რომელსაც შეიცავს პროდუქტი,  ეტიკეტზე  წარდგენილი უნდა იქნეს რიცხვითი ფორმით და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ერთეულებით (მგ, მკგ).  
  • საკვები ნივთიერებების ან სხვა ნივთიერებების რაოდენობა წარდგენილი უნდა იქნეს პროდუქტის თითოეულ პორციაში, ეტიკეტზე მითითებული  რეკომენდებული სადღეღამისო მოხმარების მიხედვით.

ინფორმაცია ვიტამინებისა და მინერალების შესახებ გამოსახული უნდა იქნეს ასევე პროცენტულად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოხმარების  ნორმების  შესაბამისად. ვიტამინებისა და მინერალების პროცენტული მაჩვენებელი, დადგენილი ვიტამინებისა და მინერალების სადღეღამისო მოხმარების  ნორმების   მიხედვით,  შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს გრაფიკული ფორმით.

  • საკვები ნივთიერებების ან სხვა ნივთიერებების რაოდენობები წარმოადგენს საშუალო სიდიდეებს, რომლებიც მიღებულია ბიზნესოპერატორის მიერ  პროდუქტზე განხორციელებული ანალიზის საფუძველზე.  
  • გახსოვდეთ! ეტიკეტზე ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, მკაფიოდ, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა.  ინფორმაცია  სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას.

ინფორმაცია სურსათის, მათ შორის სურსათის (სასურსათო) დანამატების მწარმოებელი და იმპორტიორი ბიზნესოპერატორებისათვის!

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ივლისის №227 დადგენილებით დამტკიცდა „სურსათზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადის ჩამონათვალი, გარდა განაცხადისა, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებასა და ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას“.

დადგენილება ამოქმედდება 2025 წლის 1 ივნისიდან.

სურსათი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და არ შეესაბამება ამავე დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებს, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს სურსათის „ვარგისიანობის ვადის“ გასვლამდე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული თქვენს მომავალ საქმიანობაში!